06.04.2013

ტრენინგი: აქტივობების ეფექტური განხორციელების სტრატეგიები

ანგარიშის შინაარსი:
ნაწილი 1 - ღონისძიების დასახელება 

სქემაში ჩართული მასწავლებლების მიერ არჩეული აქტივობების ეფექტური განხორციელების სტრატეგიები.


ნაწილი 2 - მიზანი და ამოცანები


1.      პროფესიული განვითარების სქემის გაცნობა
2.      მასწავლებლებმა შეძლონ ხელსაყრელი აქტივობების შერჩევა და ამ აქტივობების ეფექტური გამოყენება.

ნაწილი 3 - რეზიუმე

 ტრენინგი ჩატარდა ხაშურის მესამე საჯარო სკოლაში.  ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო გაეცნო პედაგოგებისათვის ის აქტივობები, რომლებიც გამოიყენება პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვისას. ტრენერმა პედაგოგებს გაგვაცნო სქემაში ჩართვისა და მასში მონაწილეობის პირობები, აღნიშნა რომ მათთვის ვინც  2011 წელს ჩაერთნენ პროფესიული განვითარების სქემაში   პირველი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭიროა 32 კრედიტის დაგროვება, ხოლო უმაღლესი კატეგორიის პედაგოგისათვის – 42 კრედიტის დაგროვება. თუ სერთიფიცირებული პედაგოგი გადაწყვეტს ჩაებას „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში“, მან სქემიდან უნდა ამოირჩიოს მისთვის სასურველი და დაძლევადი აქტივობები. კატეგორიის მოსაპოვებლად სქემაში შემოთავაზებული აქტივობებიდან მასწავლებელმა სულ მცირე შვიდი აქტივობა მაინც უნდა ამოირჩიოს და განახორციელოს შვიდი წლის განმავლობაში. ტრენერმა ასევე ისაუბრა იმ მოტივებზე რამაც უნდა „აიძულოს“ პედაგოგი ჩაერთოს პროფესიული განვითარების სქემაში: პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის მუდმივი ზრდა; მოთხოვნილება პირველი და უმაღლესი კატეგორიის პედაგოგებზე, რადგან მათ არსებობას სკოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს ბრენდირებისათვის და სხვ.

     ტრენერებმა დეტალურად ისაუბრეს აქტივობების ყველა იმ სახეზე, რომლებიც წარმოდგენილია პროფესიული განვითარების სქემაში და რომელიც პედაგოგმა უნდა განახორციელოს საკუთარი პროფესიული და კარიერული ზრდისათვის.
     სამინისტროსა და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს (საერთო რაოდენობით 25 საათი) პედაგოგისათვის შეუძლია  მოიტანოს 1 კრედიტი; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებული და  საერთაშორისო ორგანიზაციების ან სხვა ქვეყნის მიერ აკრედიტებული ტრენინგ-პროგრამები  (საერთო რაოდენობით 25 საათი) პედაგოგს მოუტანს  0,5 კრედიტს.
     სასკოლო სახელმძღვანელოს  ავტორობა პედაგოგისათვის 7 კრედიტია, ხოლო  თანაავტორობა  – 3 კრედიტი, მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორობა – 4, ხოლო თანაავტორობა – 2 კრედიტს აძლევს პედაგოგს.
     საგანმანათლებლო (როგორც სასწავლო, ასევე კვლევითი) პროექტის ავტორობა (7 წლის მანძილზე სულ მცირე ერთი პროექტი) – 1 კრედიტი.
     საგანმანათლებლო კონფერენციები, სემინარები – მომხსენებლად მონაწილეობის მიღება – 1 კრედიტი, ხოლო მონაწილეობის მიღება – 0,5 კრედიტი (სათანადო დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში). 
     პროფესიული სტაჟირების გავლა – საგნობრივი გამოცდილების შეძენა/გაზიარების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სათანადო დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენით (საერთო რაოდენობით 25 საათი) – 1 კრედიტი.
     საგანმანათლებლო, პროფესიული, პედაგოგიური თემატიკის მქონე ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აკადემიური სახის სტატია (7 წლის მანძილზე 3 სტატია) – 2 კრედიტი.
     საგანმანათლებლო კვლევის ავტორობა  (7 წლის მანძილზე 3 კვლევა) – 3 კრედიტი.
     მენტორ მასწავლებლად მუშაობა – 1 კრედიტი წელიწადში.
     მოსწავლეთა გამარჯვება საერთაშორისო ოლიმპიადებში (7 წლის მანძილზე 3 გამარჯვება) – 2 კრედიტი, ხოლო ეროვნულ ოლიმპიადებში (ასევე 7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 გამარჯვება) – 1 კრედიტი.
     საგნობრივ კათედრაზე აქტივობები – ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება (სულ მცირე 3 გაკვეთილი) – 1 კრედიტი. კათედრაზე დამუშავებული თემის წარდგენა სემინარი/კონფერენცია,  ვიდეო ჩანაწერის წარმოდგენის შემთხვევაში – 1 კრედიტი.
     პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, პრეზენტაციის მოწყობა (შვიდი წლის მანძილზე სულ მცირე 3 პრეზენტაცია) – 1 კრედიტი (უნდა წარმოვადგინოთ ვიდეოცანაწერი).
     სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, რომელიც თავის თავში გულისხმობს მასწავლებლის მიერ სასწავლო ციფრული ობიექტების (პრეზენტაცია, შეფასების რუბრიკა, ბლოგი) შექმნას და გამოყენებას, ელექტრონული პორტფოლიოს შექმნას და ინტერნეტში განთავსებას და ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან კომუნიკაციისათვის, პედაგოგს მოუტანს 2 კრედიტი.
     სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა – 1 კრედიტი.
     სამინისტროსა და ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში ან კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტირებულ ტრენინგებში ტრენერად მუშაობა (ერთი ტრენინგი სულ მცირე 25 სთ.) – 3 კრედიტი.
     აქტივობების გაცნობის შემდეგ ტრენერებმა ისაუბრეს პორტფოლიოსა და ანგარიშის ფორმის შესახებ, რითაც დასრულდა ტრენინგი.

ნაწილი 4 -  ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება


განათლების სამინისტროსა და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს  დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა პედაგოგისათვის .  თითოეული ტრენინგი  წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი პროფესიული ზრდის საქმეში.  იგი გვეხმარება შევიძინოთ  ახალი, ორგანიზება გავუკეთოთ არსებულ ცოდნას ასევე ვითანამშრომლოთ სხვა სკოლების პედაგოგებთან, გავიცნოთ მათი მუშაობის სტილი, აქტივობის ფორმები  და სხვა .  ასე იყო ამ ტრენინგზეც, რომელიც  2012 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა ხაშურის მესამე საჯარო სკოლაში.
ტრენინგის დროს დიდ როლს ასრულებს ტრენერი. მისი დამოკიდებულება აუდი– ტორიასთან, მისი მუშაობის სტილი, ფორმა, მეტყველების კულტურა.  ამ მხრივ , საინტერესო იყო ჩვენს ტრენერებთან მაკა მამფორიასა და საბა ჩიხლაძესთან     
მუშაობა.  აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.  პირველ რიგში კარგად გავერკვიე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლისათვის პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვა და გავაანალიზე მონაწილეობის პირობები.  ამ ტრენინგზე ბევრი ახალი შევიტყვე, კერძოდ, რამდენი კრედიტია საჭირო პირველი კატეგორიის სტატუსის მოსაპოვებლად , რამდენი – უმაღლესი კატეგორიისათვის .  შევიტყვე , რომ არ არის აუცილებელი შევეჭიდო ბევრ აქტივობას. ყურადღება იმ აქტივობებზე უნდა გავამახვილო რომლებიც ჩემთვის სასურველი და დაძლევადი იქნება.
ამ ტრენინგზე ტრენერებმა დეტალურად გაამახვილეს ყურადღება იმაზე, ესა თუ ის აქტივობა რამდენი კრედიტის მომტანია.  ჩემთვის საინტერესოა საგნობრივი კათედრების აქტივობები, კერძოდ ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა- ჩატარება, რადგან ვთვლი რომ ეს ხელს უწყობს მოსწავლის ცოდნის გარღმავებას არა ერთ, არამედ რამდენიმე საგანში ერთდროულად. წელიწადში სულ მცირე 3 ასეთი გაკვეთილი 1 კრედიტის მომტანია. ასევე დამაინტერესა დამუშავებული თემის წარდგენამ სემინარსა და კონფერენციაზე, რომელიც სათანადო ჩანაწერისა და მასალი შემთხვევაში ერთ კრედიტს მომიტანს ტრენინგმა მომცა სწორი მიმართულება იმის შესახებ, თუ როგორ მოვამზადო სტატია და რა სახის ჟურნალ-გაზეთებში გამოვაქვეყნო იგი, რომ მეც კრედიტი მოვიპოვო და სხვასაც ცოდნა გავუზიარო.  ასევე დავინტერესდი პროექტებით, ისტორიის საგნის სპეციფიკა ძალიან დიდ საშუალებას მაძლევს დავგეგმო და განვახორციელო სხვადასხვა სახის პროექტები, იქნება ეს საგაკვეთილო თუ არასაგაკვეთილო, შემეცნებითი ხასიათის გასვლითი სასწავლო ვიზიტები (ეს აქტივობა ერთ-ერთი წამყვანია ჩემს გეგმაში, რომელიც სქემაში ჩართვისას წარვადგინე რესურსცენტრში 2011 წელს).
ტრენინგზე მიღებული ცოდნა, აქტიურობა ხელს გიწყობს, შენც გააკეთო პრეზენტაცია და მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარო. მით უფრო, რომ თუ მოვაწყობ სამ პრეზენტაციას, ერთ კრედიტს მოვიპოვებ. ზემოთ დასახელებული აქტივობები ჩემთვის არა უბრალოდ საინტერესო აღმოჩნდა, არამედ იქვე ტრენინგზე გამიჩნდა აზრი,  რომ დავგეგმო და რეალობად ვაქციო მთელი რიგი საკითხები.     ბუნებრივია, მიღებული  ცოდნა მაშინაა მნიშვნელოვანი და სრულყოფილი, როცა ხდება მისი გაზიარება.  ამ ტრენინგმა, ამ მხრივ, თავისი მისია შეასრულა და ვფიქრობ, რომ ის 5 საათი, რომელიც გავატარე ტრენინგზე, ნაყოფიერი იყო ჩემთვის.
აქვე , ტრენინგძზე მოვიფიქრე ჩავატარო ინტეგრირებული გაკვეთილები ქართული ენისა  და ლიტერატურის, ხელოვნების მასწავლებლებთან ერთად, თემებზე კიდევ უფრო დავფიქრდები.   მინდა  პრეზენტაცია გავაკეთო მასწავლებლებთან პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის მნიშვნელობაზე და ტრენინგზე მიღებული ცოდნა გავუზიარო ჩემს კოლეგებს. პრეზენტაციის მომზადების პერიოდში მე კიდევ უფრო სხვა თვალით შევხედავ მთელ რიგ საკითხებს, ჩავურღმავდები მათ და, ერთი მხრივ, ჩემს გამოცდილებას სხვას გავუზიარებ და ვეცდები დავაინტერესო სქემით, მეორე მხრივ, კი პრეზენტაცია ჩემთვისაც აღმოჩენების პროცესი იქნება.
ამ ტრენინგმა აგრეთვე გარკვეული ცოდნა შემძინა იმაზე, თუ როგორ ვაწარმოო პორტფოლიო და დავწერო ანგარიში. ეს ჩემი პირველი ანგარიშია, რომლის შექმნაშიც სწორე  ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარა. იმედია ყველაფერი კარგად გამოვიდა.
 

0 კომენტ.:

Отправить комментарий

გვერდები

Технологии Blogger.